Tuesday, October 20, 2009

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ბესელიაც შეუერთდა


დღეს სამების საკათედრო ტაძარში პოლიტიკური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ხელი მოაწერა.
ტრაქტატი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მას პირველად თვით ილია მეორემ მოაწერა ხელი. როგორც მასში წერია, საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფნი ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას, რომ დაიცავენ ქვეყნის მიწა-წყალს და მის ღირსებას. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა ”ქართველთა ერთობის ტრაქტატისთვის” ხელი მოეწერათ. მსგავსი ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატი” თავდაპირველად 1790 წელს შეიქმნა.
ეკა ბესელიამ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ აღნიშნა: ”ამ ფიცით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერის მიწა-წყალს, თავისუფლებას და ღირსებას დავიცავთ და ვიბრძოლებთ მისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად. ვფიქრობ, პატრიარქის ეს ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დროული ნაბიჯია სამოქალაქო და ეროვნული თვალსაზრით”.

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” სამების საკათერდო ტაძარში მისული მრევლიც აწერდა ხელს. ”ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს სიტყვები - გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ. ქართველისთვის უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვა. ამიტომ ერი და ბერი ამ იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული” - აღნიშნა ვალერი ტეტუნაშვილმა.

თუმცა, ამ ტრაქტატზე ხელის მოწერას ბევრი შეეწინააღმდეგა. მათი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია: ”ჩემთვის ამ ტრაქტატზე ხელის მოწერა მიუღებელია და არც მოვაწერ. ქვეყნის აშენება სიმბოლოებით კი არა, რეალური საქმით უნდა შევძლოთ. ჩემი მონაწილეობა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში გამოიხატება იმით, რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ ტრაქტატის შექმნა და მერე მასზე ხელის მოწერა დანაშაულად ნამდვილად არ მიმაჩნია. უბრალოდ, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, მეტი არაფერი”, - თქვა მოქალაქე თამაზ კუპრეიშვილმა.

Friday, October 9, 2009

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა სიუჟეტი ცნობილი სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იგი იღებს ფილმს ცხინვალის კონფლიქტურ ზონაში. მათი ინფორმაციით, კუსტურიცას საკმაოდ დიდ ფულს უხდის რუსეთი, შესაბამისად ფილმი პრორუსული ორიენტაციის იქნება. ამის თაობაზე კომენტარს აკეთებენ ქართველი რეჟისორები ავთო ვარსიმაშვილი და დავით საყვარელიძე. მათი თქმით, ფინანსურ კრიზისში მყოფი რეჟისორი ფილმში რუსეთის ინტერესებზე გააკეთებს აქცენტებს.

Thursday, October 8, 2009

გუშინ ყველა საინფორმაციო საშუალებაში გაიჟღერა ინფორმაციამ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ. როგორც რუსთავი 2-მა გადმოსცა, ქართული მედიის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ აცხადებდნენ, რომ პოლიტკოვსკაია პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან ის ჩეჩნეთში რუსეთის აგრესიას ამხელდა. ”ნოვაია გაზეტას” მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც კრემლის საწინააღმდეგო სტატიებს წერდა, სამი წლის წინ საკუთარ სახლთან მოკლეს.

ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიხსენა ანა პოლიტკოვსკაია. მათი ინფორმაციით, მოსკოვსა და პეტერბურგში დღეს ჟურნალისტის ხსოვნის საპატიცემულოდ აქცია გაიმართა. ”ნოვაია გაზეტას” თანამშრომლები და პოლიტკოვსკაიას ოჯახი თვლის, რომ სამი წლის განმავლობაში გამოძიება წინ არ წასულა.

რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოვში მიტინგი ზუსტად 16 საათსა და 3 წუთზე დაიწყო ანუ ზუსტად იმ დროს, როცა 2006 წელს ჟურნალისტი მისი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 400-მა პირმა მიიღო - მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვები.

რას გავაშუქებდი?

საქართველოში მიგრაცია ყველაზე მეტად მთიანი რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი. ყაზბეგი სასაზღვრო რაიონია და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს რაიონიდან ახალგაზრდობის მიგარციას - ეს უმუშევრობის პრობლემაა. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კლების დინამიკა ხელისუფლების ინდიფერენტულობაზე მეტყველებს.

Tuesday, October 6, 2009

საქართველოს ბაზარი და მომხმარებელი, კვების პროდუქტები, მათი ხარისხი და კონტროლი
გუშინ რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში გაიჟღერა ინფორმაციამ ბესიკ ჯოჯუას ფოთის პორტის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად 39000 ლარის გამოძალვა ედება. კორუფციული გარიგების დეტალებზე თანაბარწილად საუბრობენ მოამბისა და კურიერის ჟურნალისტები. მათი ინფორმაციით, ტენდერში წინასწარ გამარჯვებულმა მეწარმემ ბესიკ ჯოჯუას მისცა ქრთამი. გამოძიებამ ორივე მათგანი დააკავა და მათ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სოსო თოფურიძე ამბობს, რომ უპირობოდ დაისჯება ქრთამის მიმღებიცა და გამცემიც.
ნინო ღუდუშაური, 26 წლის, ჟურნალისტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ბაკალავრიატი, სპეციალობა ”ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკა”. ამჟამად სწავლობს ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში ძირითადად შემდეგ საკითხებზე მუშაობდა: ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის განხილვა, საქართველოს ეპარქიებში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, ჩეჩენი ლტოლვილების თემატიკა, კონფლიქტური ზონები, საქართველოს ტურიზმი, არჩევნები, კულტურა. გაშუქებული აქვს ყაზბეგი, როგორც სასაზღვრო რაიონი, მიგრაცია, სოციალური საკითხები. აღნიშნული მასალები 2002-2004 წლებში ქვეყნდებოდა ყოველდღიურ გაზეთში ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტადაც მუშაობდა ნინო. ჩატარებული აქვს სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მოამზადა ფოტო-ვიდეო-პრეს მასალა ჯავახეთის რეგიონში არსებული პოლიტიკურ-სოციალური პრობლემების საქართველოს საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარმოსაჩენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში გაიარა სტაჟირება სახელმწიფოს მართვის ზოგადსისტემური კანონზომიერებების გათვალისწინებით კორუფციის დაძლევის გზების დასახვაში. ნინოს ლიტერატურა, მუსიკა, ფოტოხელოვნება და მთაში სიარული უყვარს.

Monday, October 5, 2009

მსურს საზოგადოებას გავაცნო 85 წლის არისტოკრატი ქალბატონი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნუნუ კილტავა.
05.10.09. მოამბის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას ფილარმონიის გახსნის შესახებ. სამწუხაროდ, სიუჟეტში არ არის ნაჩვენები კადრები ნანი ბრეგვაძის კონცერტიდან, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მაყურებლისათვის. ასევე ნაკლებადაა წარმოდგენილი ცნობილი ადამიანების კომენტარები.

ამავე შინაარსის ინფორმაციას გვაწვდის კურიერის კორესპონდენტი. სიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი გზა. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ქალბატონ ნანის ”ქართული ესტრადის დედოფალს” უწოდებს. სრული ანშლაგით მიმდინარე კონცერტს აფასებენ მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე და რეჟისორი დავით დოიაშვილი. აქვე ჟურნალისტი ვრცლად საუბრობს განახლებული ფილარმონიის შესახებ, დამონტაჟებულია უახლესი აპარატურა. ქალაქის მერი, ბატონი გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.

P.S. ვფიქრობ, რომ კურიერმა უფრო ვრცლად და ამაღელვებლად გააშუქა ეს ინფორმაცია.

Thursday, October 1, 2009



vzivar da kompiterul teqnologiebs vamugameb