Thursday, December 24, 2009

რარიტეტში სიახლეა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველი ქართული სტამბის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ვახტანგისეული სტამბის გამოცემების ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციის აღწერილობა.

როგორც ”ქართული წიგნი” გვამცნობს, 1709 წ. თბილისის სტამბიდან გამოდის პირველი ნაბეჭდი წიგნები. ამ დროიდან ქართული ბეჭდვის საქმეს მკვიდრი საფუძველი ეყრება. მტკვრის ნაპირას, თავისი სასახლის მახლობლად, ვახტანგ მეექვსე სპეციალურად აგებს სტამბის სახლებს, დიდი მატერიალური ხარჯის გაწევით იწერს ვლახეთიდან მესტამბეს და სტამბის მოწყობილობას და ენერგიულად აწარმოებს წიგნების ბეჭდვას. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს არც ერთ მეზობელ ქვეყანაში არ იყო შემოღებული წიგნის ბეჭდვა. ცნობილია, რომ თვით ირანში მეცხრამეტე საუკუნემდის ხელით წერას მიმართავდნენ.

”ქართული წიგნის” მიხედვით, ვახტანგის სტამბიდან 1709 წელს გამოსულ წიგნებად დღემდე აღიარებულია: ”დავითნი”, ”სახარება” და ”სამოციქულო”. ბიბლიურისა და საეკლესიო შინაარსის წიგნებს გარდა თბილისში იბეჭდება მე-12 საუკუნის პოეზიის შესანიშნავი ნიმუში შოთა რუსთაველის პოემა-რომანი ”ვეფხისტყაოსანი”.

შალვა კვასხვაძის ”ვახტანგ VI სტამბის წიგნში” ნათქვამია, რომ ვახტანგის სტამბიდან გამოსულ წიგნთაგან დღემდე პირველ გამოსულად ”სახარებაა” აღიარებული. თავფურცელი შემკულია ორმაგი ორნამენტებით და ღვთისმშობლისა, ქრისტეს და ნათლისმცემლის სურათებით. ასეთივე სურათებით არის შემკული სახარების ყოველი თავის დასაწყისი. თვითეული სახარების წინა ფურცლის მეორე გვერდზე მოთავსებულია მახარობლის (მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი) გრავიურა.

”ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან” გვამცნობს, რომ ქართული ბეჭდვის ისტორია 1629 წელს რომში გამოცემული ”ქართულ-იტალიური ლექსიკონით” იწყება. რომში სულ სამი წიგნი დაიბეჭდა: 1629 წელს ”ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და ”ქართული ანბანი ლოცვებითურთ”, ხოლო 1643 წელს - მაჯიო ფრანცისკო-მარიას ”ქართული ენის გრამატიკა”. ეს წიგნები განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდებიან. ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ სამივე უცხოეთშია დაბეჭდილი. ფაქტიურად საეკლესიო-რელიგიური ლიტერატურის მასობრივად გამოცემას საფუძველი ვახტანგ VI სტამბის დაარსებიდან ჩაეყარა, სადაც მთელი თოთხმეტი წლის მანძილზე ინტენსიურ შემოქმედებით-საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდნენ იმ დროის საუკეთესო ინტელექტუალური ძალები. ვახტანგ VI სტამბას მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული წიგნის ბეჭდვის შემდგომ განვითარებაში.

”ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემების” შემდგენლის, დალი მაჩაიძის სიტყვებით ”სამი საუკუნის წინ თბილისში ამოქმედდა ევროპულად გამართული ქართული სტამბა, პირველი საქართველოსა და მთელს კავკასიაში. ეს მოხდა ქართლის განმგებლის, შემდგომში მეფე ვახტანგ VI-ის ”შრომითა ფრიადითა”. აქ დაიბეჭდა იმდროინდელი საგამომცემლო მიღწევებისა და ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისი წიგნები, უმეტესად სასულიერო შინაარსის, ასევე სასწავლო და სამეცნიერო. აქვე განხორციელდა შოთა რუსთაველის უკვდავი ”ვეფხისტყაოსნის” პირველი გამოცემა. პირველმა სტამბამ იარსება ხანმოკლე პერიოდით(1709-1722 წწ.). თვალსაჩინო ხდება, რომ ძველნაბეჭდი წიგნები ეროვნული კულტურის უნიკალურ ძეგლებს წარმოადგენენ და მუდმივად საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაცვას. პირველი ქართული სტამბის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ვახტანგისეული სტამბის გამოცემების ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციის აღწერილობას. წარმოდგენილი წიგნი ნაწილია იმ შრომისა, რაც იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში განხორციელდა განყოფილების უფროსის, ფერიდე კვაჭანტირაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. შესწავლილია 1629-1817 წლებში საქართველოსა თუ საზღვარგარეთ დაბეჭდილი ქართული გამოცემების ბიბლიოთეკაში არსებული ყველა ეგზემპლარი.”

რარიტეტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, დალი მაჩაიძე გვიამბობს: ”სახელიც მიგვანიშნებს, რომ იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია ძველნაბეჭდი და იშვიათი გამოცემები. ქრონოლოგიურად 1800 წლამდე დაბეჭდილი წიგნები და შემდეგ შერჩევით, ხარისხით გამორჩეული ან ეპოქალური მნიშვნელობის ლიტერატურა. აგრეთვე ფორმისა თუ ფორმატის მიხედვით გამორჩეული წიგნები, განსაკუთრებულ ყდაში ჩასმული, მფლობელის ავტოგრაფით, ისტორიულად მნიშვნელოვანი მინაწერების შემცველი ან რომელიმე ცნობილი პიროვნების კერძო კოლექციები თუ არქივები.

საიუბილეო წელთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, გამოგვეცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ვახტანგის სტამბის თითოეული გამოცემის, ყოველი ეგზემპლარის აღწერილობა, თვით ქართული წიგნის ბიბლიოგრაფია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ვახტანგის სტამბის პროდუქციისა და თითოეული გამოცემის ზოგადი სახის შესახებ. არსებობს ქრისტინე შარაშიძის უაღრესად მნიშვნელოვანი მონოგრაფიაც, უშუალოდ ვახტანგის სტამბის გამოცემებზე, ამ სტამბის მნიშვნელობაზე და იმ ისტორიულ ფონზე, რომელშიც მოხდა პირველი ქართული სტამბის ამოქმედება. ვფიქრობთ, წინამდებარე წიგნი მაინც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, რომელიც თითოეული ეგზემპლარის აღწერილობის კვალდაკვალ მოიპოვებს ცნობებს ამ გამოცემათა ვარიანტულობის, გამორჩეული ეგზემპლარებისა თუ მათში აღმოჩენილი დანართ-ჩანართების სახით. გაეცნობა ”წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ბიბლიოთეკის მნიშვნელოვან ნაწილს, წიგნებს, ილია ჭავჭავაძისა თუ დავით ჩუბინაშვილის პირადი ბიბლიოთეკებიდან. წააწყდება არა ერთ საინტერესო ავტოგრაფს თუ ჩანაწერს, ამა თუ იმ ისტორიული პირის ბიოგრაფიიდან დამაზუსტებელ დეტალებს.

ამ წიგნში დასახელებული ლიტერატურისაგან განსხვავებით ემატება კიდევ გამოცემების ტექნიკური დახასიათება, რომლის საშუალებითაც ადვილდება თავბოლონაკლული ეგზემპლარების რაობის დაზუსტება.

რარიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ამ სტამბის პირველი გამოცემა არის 1709 წლის ”სახარება”, ასევე საღვთისმსახურო წიგნი, ”კონდაკი”, რომლითაც წირვას ატარებს ღვთისმსახური. როგორც ჩანს, ეკლესიის მსახურის საჭიროების გათვალისწინებით ეს წიგნი დიდი ტირაჟით დაბეჭდილა. ბიბლიოთეკაში არის კიდევ უიშვიათესი წიგნი, 1709 წლის ”დავითნი”, რომელიც სულ ორი ეგზემპლარია. ასევე ”ვეფხისტყაოსნის” 1712 წლის პირველი გამოცემა, რომლის ოციოდე აღწერილი ეგზემპლარიდან ხუთი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაუნჯებული. საყურადღებოა სრულიად განსხვავებული ვარიანტი 1713 წლის ”კურთხევანისა”, საერო გამოცემებიდან დაცულია აგრეთვე სპარსულიდან ვახტანგ მეექვსის მიერ თარგმნილი ”აიათი”. სულ ამ სტამბის ოცი გამოცემიდან ეროვნულ ბიბლიოთეკას არ გააჩნია მხოლოდ ხუთი მათგანი.”

რარიტეტის განყოფილებაში დაცული ვახტანგის სტამბის გამოცემების მნიშვნელობაზე ქალბატონი დალი ამბობს: ”უძვირფასესია, გარდა იმისა, რომ ეს არის პირველი ქართული სტამბის პროდუქცია და ქრონოლოგიურად ძველნაბეჭდი წიგნები, ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობასაც. მის ობიექტურ დამოკიდებულებასთან ერთად სუბიექტურადაც შეუფასებელია ილია ჭავჭავაძისეული ”ვეფხისტყაოსნის” ეგზემპლარი ან 1710 წლის ”ლოცვანი”. ელენე ორბელიანისა და შანშე ერისთავის მიერ ნაქონი საოჯახო წიგნი, რომელიც შეიცავს მინაწერებს მათი შვილების შესახებ, მათ შორის 1832 წლის შეთქმულების ორგანიზატორების, დიმიტრისა და ელიზბარის შესახებ. ზოგადად ფასდაუდებელია დავით ჩუბინაშვილის კოლექცია, რომელიც მრავალმხრივ გამორჩეულ და იშვიათ ეგზემპლარებს შეიცავს.”

საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის თქმით, ამ კატალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს: ”ძველად ქრისტინე შარაშიძეს ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ მაშინ, მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ფოტოების ბეჭდვა კლიშეებით ხდებოდა და აღწერილობის ძირითადი ნაწილი ტექსტის სახით იყო. ამ ახალ გამოცემაში არა მარტო გაფორმებული თავფურცლებია დაბეჭდილი, არამედ შემკულობაც, რაც დაეხმარება ბიბლიოთეკარებსა და დაინტრესებულ პირებს გამოცემათა იდენტიფიცირებაში.”

რარიტეტის თანამშრომლების განცხადებით, აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემო, სადაც უნიკალური გამოცემებია დაცული და ამ თვალსაზრისით ადვილად ვერ მიუდგებიან მოსაპარად. თუმცა, სასურველია და იმედია, რომ კორპუსის რემონტის შემდეგ მათ ექნებათ უკეთესი პირობები და შესაბამისი კლიმატური პირობებით იქნებიან დაცულნი.

Monday, November 2, 2009

საქართველოში მიგრაცია ყველაზე მეტად მთიანი რეგიონებისათვის არის დამახასიათებელი. ყაზბეგი სასაზღვრო რაიონია და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს რაიონიდან ახალგაზრდობის მიგრაციას - ეს უმუშევრობის პრობლემაა.
რამოდენიმე კერძო მეწარმე და ფერმერი, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაცლილი ხევი და ამაყად აღმართული მთები - ასეთია დღევანდელი ყაზბეგის რაიონი. წლების განმავლობაში ადგილობრივი მოხევეების საარსებო წყაროს სათბურები წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩაკეტილია საქართველო-ვლადიკავკაზის საზღვარი, საიდანაც რუსეთის ეკონომიკურ ბაზარზე გადიოდა პროდუქცია.

ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა გულისტკივილს გამოთქვამს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო მოხევეები ტოვებენ ყაზბეგს. 2002 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის რაიონში 5261 კაცი ცხოვრობს. მიმდინარე აღწერის მიხედვით კი ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობა 4900-ია. თუმცა, მოხევეების განცხადებით, ყველაზე მაქსიმუმი მუდმივი მაცხოვრებელი 3000 კაცია.

როგორც ადგილობრივი მოსახლე, ტარიელ ღუდუშაური საუბრობს, მოხევეების ეკონომიკური გაძლიერება და გამრავლება ჩრდილოეთ კავკასიაში გზის გაკაფვასა და ცხვრის გაჩენას უკავშირდებოდა. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო ასევე სათბურები, თუმცა, ბუნებრივი აირის დიდი რაოდენობით მოხმარების გამო, მათი არსებობა სახელმწიფომ გაუმართლებლად ჩათვალა, ხალხს კომპენსაციები დაურიგა და სათბურები გაუქმდა. ახალგაზრდობა გაიქცა და ახლა მხოლოდ ხნიერი ადამიანები დარჩნენ ადგილზე. „მოიშალა სოფლის მეურნეობა, არც სხვა სამუშაოა და რა ქნას ახალგაზრდობამ?“, ამბობს ტარიელ ღუდუშაური - „გლეხს მიწა სჭირდება, აქ კი სულ კლდეებია, ცხვრის შენახვაც ძალიან ძნელია. პენსია ელექტროენერგიის გადასახადებს ძლივს ჰყოფნის. თანაც საერთო მრიცხველის პრობლემაა. ნახევარი თვე არ გვქონდა შუქი და 50 ლარი მოვიდა გადასახადი. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ეს რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით გამავალია. თითოეულ კომლს 750 კუბურ მეტრს გვაძლევენ. ყველაზე დიდი დარტყმა კი მოხევეებისთვის საზღვრის ჩაკეტვა იყო. ჩვენ ჩავრჩით ჩიხში, ამიტომაც მიაწყდა ხალხი ქალაქს.“

ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი მარსაგიშვილი მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ისტორიულად, ყაზბეგს მესაზღვრის როლი ჰქონდა და მოხევეები ყოველთვის მამაცურად იცავდნენ საზღვრებს. მისივე თქმით, ყაზბეგს მიგრაცია მასშტაბურად არ შეხებია და ეს რაიონი თავის ფუნქციას ყოველთვის ასრულებდა და პრობლემებს თავისით აგვარებდა, თუმცა, დღეს ხალხს გაუჭირდა.
„როდესაც პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ჩამობრძანდა, ითქვა, საკადასტრო მეურნეობა უნდა მოვშალოთო,“ ამბობს მარსაგიშვილი - „მოხევეებმა ხმა არ ამოიღეს. იფიქრეს, რომ რაიმე ალტერნატიულს შესთავაზებდნენ. სათბურები რომ გააუქმეს, კვადრატულ მეტრზე მისცეს 35 ლარი. აქაურები თავის გატანაზე არიან გადასულები. სულ 7-8 ფერმერია, რაც რაიონის ყოფა-ცხოვრებისა და ეკონომიკის სახეს ვერ გვაძლევს. მე ვამბობდი, რომ ჯერ ბაზა უნდა შექმნილიყო, რათა ხევი უმტკივნეულოდ გადასულიყო ამ პროცესზე, თორემ ეს მიგრაციას გამოიწვევდა. ამით საზღვარიც სუსტდება. მოხევე ლტოლვილი არასდროს გახდება და აქ ჩაწვება ყველა.”

როგორც გოდერძი მარსაგიშვილი ამბობს, ახალგაზრდობის მიგრაციის შეჩერებას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს. ამას სხვა ფაქტორი განაპირობებს. ”აქ უნდა იყოს წარმოება. ამას კი მთავრობის კეთილი ნება სჭირდება. როგორც დასავლეთის ყველა ცივილიზებულ ქვეყნებშია, აქაც შეღავათები უნდა იყოს საგადასახადო სისტემაში, რომ ხალხი არ მოწყდეს მთას. ტურიზმი თუ განვითარდება, განვითარდება ინფრასტრუქტურაც,” - აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.

საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების მოწესრიგების მიზნით საქართველოს კანონით განისაზღვრა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის სახელმწიფო სუბსიდირება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტს ზემოთ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის პირობებში ყაზბეგის რაიონში არსებული სათბურების ფუნქციონირება არარენტაბელური გახდა და დღის წესრიგში დადგა მათი დემონტაჟის საკითხი. საქართველოს მთავრობის # 385 განკარგულების მიხედვით, ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას გამოეყო 5 124 373 ლარი. სასათბურე მეურნეობის დემონტაჟის შემდეგ თითოეულ მესაკუთრეს გაეწია ფინანსური დახმარება კუთვნილი ფართობის შესაბამისად, რაც შეადგენდა კომპენსაციას ერთ კვადრატულ მეტრ სათბურზე 35 ლარის ოდენობით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, ბატონ მიხეილ კვესაძის განცხადებით, 2005 წელში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სერიოზული ხარჯი მიდიოდა სათბურების ბუნებრივი აირით მომარაგებაზე: ”ფაქტიურად სახელმწიფო ხარჯზე გაიჩინეს შემოსავალი, ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური კი მილიონებს უდრიდა წლიურად. განკუთვნილი ოჯახები იღებდნენ სარგებელს ბუნებრივი აირის ხარჯზე, ამიტომ ხელისუფლებამ იმსჯელა და საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ სათბურების დემონტაჟი მოეხდინა. სახელმწიფომ მოსახლეობას ალტერნატიული შესთავაზა ის, რომ კვადრატულ მეტრზე 35 ლარი მისცა.”

მართალია, ზამთრის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი აირი უფასოდ არავის ეძლევა, მაგრამ მხოლოდ ამ სუბსიდიებით ცხოვრება ხევში წარმოუდგენელია.

Tuesday, October 20, 2009

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ბესელიაც შეუერთდა


დღეს სამების საკათედრო ტაძარში პოლიტიკური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა, ეკა ბესელიამ ”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” ხელი მოაწერა.
ტრაქტატი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მას პირველად თვით ილია მეორემ მოაწერა ხელი. როგორც მასში წერია, საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებნი და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფნი ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას, რომ დაიცავენ ქვეყნის მიწა-წყალს და მის ღირსებას. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა ”ქართველთა ერთობის ტრაქტატისთვის” ხელი მოეწერათ. მსგავსი ”ივერიელთა ერთობის ტრაქტატი” თავდაპირველად 1790 წელს შეიქმნა.
ეკა ბესელიამ ტრაქტატზე ხელის მოწერის შემდეგ აღნიშნა: ”ამ ფიცით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ერის მიწა-წყალს, თავისუფლებას და ღირსებას დავიცავთ და ვიბრძოლებთ მისთვის. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ყველას უნდა აერთიანებდეს პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად. ვფიქრობ, პატრიარქის ეს ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და დროული ნაბიჯია სამოქალაქო და ეროვნული თვალსაზრით”.

”ქართველთა ერთობის ტრაქტატს” სამების საკათერდო ტაძარში მისული მრევლიც აწერდა ხელს. ”ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს სიტყვები - გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, ისევე როგორც ჩვენს წინაპრებს უყვარდათ. ქართველისთვის უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის ერთიანობისა და ღირსების დაცვა. ამიტომ ერი და ბერი ამ იდეის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული” - აღნიშნა ვალერი ტეტუნაშვილმა.

თუმცა, ამ ტრაქტატზე ხელის მოწერას ბევრი შეეწინააღმდეგა. მათი აზრით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია: ”ჩემთვის ამ ტრაქტატზე ხელის მოწერა მიუღებელია და არც მოვაწერ. ქვეყნის აშენება სიმბოლოებით კი არა, რეალური საქმით უნდა შევძლოთ. ჩემი მონაწილეობა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში გამოიხატება იმით, რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ ტრაქტატის შექმნა და მერე მასზე ხელის მოწერა დანაშაულად ნამდვილად არ მიმაჩნია. უბრალოდ, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, მეტი არაფერი”, - თქვა მოქალაქე თამაზ კუპრეიშვილმა.

Friday, October 9, 2009

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა სიუჟეტი ცნობილი სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იგი იღებს ფილმს ცხინვალის კონფლიქტურ ზონაში. მათი ინფორმაციით, კუსტურიცას საკმაოდ დიდ ფულს უხდის რუსეთი, შესაბამისად ფილმი პრორუსული ორიენტაციის იქნება. ამის თაობაზე კომენტარს აკეთებენ ქართველი რეჟისორები ავთო ვარსიმაშვილი და დავით საყვარელიძე. მათი თქმით, ფინანსურ კრიზისში მყოფი რეჟისორი ფილმში რუსეთის ინტერესებზე გააკეთებს აქცენტებს.

Thursday, October 8, 2009

გუშინ ყველა საინფორმაციო საშუალებაში გაიჟღერა ინფორმაციამ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ. როგორც რუსთავი 2-მა გადმოსცა, ქართული მედიის წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ აცხადებდნენ, რომ პოლიტკოვსკაია პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა, რადგან ის ჩეჩნეთში რუსეთის აგრესიას ამხელდა. ”ნოვაია გაზეტას” მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც კრემლის საწინააღმდეგო სტატიებს წერდა, სამი წლის წინ საკუთარ სახლთან მოკლეს.

ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაიხსენა ანა პოლიტკოვსკაია. მათი ინფორმაციით, მოსკოვსა და პეტერბურგში დღეს ჟურნალისტის ხსოვნის საპატიცემულოდ აქცია გაიმართა. ”ნოვაია გაზეტას” თანამშრომლები და პოლიტკოვსკაიას ოჯახი თვლის, რომ სამი წლის განმავლობაში გამოძიება წინ არ წასულა.

რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოვში მიტინგი ზუსტად 16 საათსა და 3 წუთზე დაიწყო ანუ ზუსტად იმ დროს, როცა 2006 წელს ჟურნალისტი მისი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 400-მა პირმა მიიღო - მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვები.

რას გავაშუქებდი?

საქართველოში მიგრაცია ყველაზე მეტად მთიანი რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი. ყაზბეგი სასაზღვრო რაიონია და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს რაიონიდან ახალგაზრდობის მიგარციას - ეს უმუშევრობის პრობლემაა. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის კლების დინამიკა ხელისუფლების ინდიფერენტულობაზე მეტყველებს.

Tuesday, October 6, 2009

საქართველოს ბაზარი და მომხმარებელი, კვების პროდუქტები, მათი ხარისხი და კონტროლი
გუშინ რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში გაიჟღერა ინფორმაციამ ბესიკ ჯოჯუას ფოთის პორტის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად 39000 ლარის გამოძალვა ედება. კორუფციული გარიგების დეტალებზე თანაბარწილად საუბრობენ მოამბისა და კურიერის ჟურნალისტები. მათი ინფორმაციით, ტენდერში წინასწარ გამარჯვებულმა მეწარმემ ბესიკ ჯოჯუას მისცა ქრთამი. გამოძიებამ ორივე მათგანი დააკავა და მათ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სოსო თოფურიძე ამბობს, რომ უპირობოდ დაისჯება ქრთამის მიმღებიცა და გამცემიც.
ნინო ღუდუშაური, 26 წლის, ჟურნალისტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, ბაკალავრიატი, სპეციალობა ”ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკა”. ამჟამად სწავლობს ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში ძირითადად შემდეგ საკითხებზე მუშაობდა: ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის განხილვა, საქართველოს ეპარქიებში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა, ჩეჩენი ლტოლვილების თემატიკა, კონფლიქტური ზონები, საქართველოს ტურიზმი, არჩევნები, კულტურა. გაშუქებული აქვს ყაზბეგი, როგორც სასაზღვრო რაიონი, მიგრაცია, სოციალური საკითხები. აღნიშნული მასალები 2002-2004 წლებში ქვეყნდებოდა ყოველდღიურ გაზეთში ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტადაც მუშაობდა ნინო. ჩატარებული აქვს სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მოამზადა ფოტო-ვიდეო-პრეს მასალა ჯავახეთის რეგიონში არსებული პოლიტიკურ-სოციალური პრობლემების საქართველოს საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარმოსაჩენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში გაიარა სტაჟირება სახელმწიფოს მართვის ზოგადსისტემური კანონზომიერებების გათვალისწინებით კორუფციის დაძლევის გზების დასახვაში. ნინოს ლიტერატურა, მუსიკა, ფოტოხელოვნება და მთაში სიარული უყვარს.

Monday, October 5, 2009

მსურს საზოგადოებას გავაცნო 85 წლის არისტოკრატი ქალბატონი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნუნუ კილტავა.
05.10.09. მოამბის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი გვაწვდის ინფორმაციას ფილარმონიის გახსნის შესახებ. სამწუხაროდ, სიუჟეტში არ არის ნაჩვენები კადრები ნანი ბრეგვაძის კონცერტიდან, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მაყურებლისათვის. ასევე ნაკლებადაა წარმოდგენილი ცნობილი ადამიანების კომენტარები.

ამავე შინაარსის ინფორმაციას გვაწვდის კურიერის კორესპონდენტი. სიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი გზა. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ქალბატონ ნანის ”ქართული ესტრადის დედოფალს” უწოდებს. სრული ანშლაგით მიმდინარე კონცერტს აფასებენ მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე და რეჟისორი დავით დოიაშვილი. აქვე ჟურნალისტი ვრცლად საუბრობს განახლებული ფილარმონიის შესახებ, დამონტაჟებულია უახლესი აპარატურა. ქალაქის მერი, ბატონი გიგი უგულავა იმედოვნებს, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.

P.S. ვფიქრობ, რომ კურიერმა უფრო ვრცლად და ამაღელვებლად გააშუქა ეს ინფორმაცია.

Thursday, October 1, 2009



vzivar da kompiterul teqnologiebs vamugameb

Monday, September 28, 2009