საქართველოში მიგრაცია ყველაზე მეტად მთიანი რეგიონებისათვის არის დამახასიათებელი. ყაზბეგი სასაზღვრო რაიონია და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უფრო მეტად უწყობს ხელს რაიონიდან ახალგაზრდობის მიგრაციას - ეს უმუშევრობის პრობლემაა.
რამოდენიმე კერძო მეწარმე და ფერმერი, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაცლილი ხევი და ამაყად აღმართული მთები - ასეთია დღევანდელი ყაზბეგის რაიონი. წლების განმავლობაში ადგილობრივი მოხევეების საარსებო წყაროს სათბურები წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩაკეტილია საქართველო-ვლადიკავკაზის საზღვარი, საიდანაც რუსეთის ეკონომიკურ ბაზარზე გადიოდა პროდუქცია.
ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა გულისტკივილს გამოთქვამს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო მოხევეები ტოვებენ ყაზბეგს. 2002 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის რაიონში 5261 კაცი ცხოვრობს. მიმდინარე აღწერის მიხედვით კი ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობა 4900-ია. თუმცა, მოხევეების განცხადებით, ყველაზე მაქსიმუმი მუდმივი მაცხოვრებელი 3000 კაცია.
როგორც ადგილობრივი მოსახლე, ტარიელ ღუდუშაური საუბრობს, მოხევეების ეკონომიკური გაძლიერება და გამრავლება ჩრდილოეთ კავკასიაში გზის გაკაფვასა და ცხვრის გაჩენას უკავშირდებოდა. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო ასევე სათბურები, თუმცა, ბუნებრივი აირის დიდი რაოდენობით მოხმარების გამო, მათი არსებობა სახელმწიფომ გაუმართლებლად ჩათვალა, ხალხს კომპენსაციები დაურიგა და სათბურები გაუქმდა. ახალგაზრდობა გაიქცა და ახლა მხოლოდ ხნიერი ადამიანები დარჩნენ ადგილზე. „მოიშალა სოფლის მეურნეობა, არც სხვა სამუშაოა და რა ქნას ახალგაზრდობამ?“, ამბობს ტარიელ ღუდუშაური - „გლეხს მიწა სჭირდება, აქ კი სულ კლდეებია, ცხვრის შენახვაც ძალიან ძნელია. პენსია ელექტროენერგიის გადასახადებს ძლივს ჰყოფნის. თანაც საერთო მრიცხველის პრობლემაა. ნახევარი თვე არ გვქონდა შუქი და 50 ლარი მოვიდა გადასახადი. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ეს რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით გამავალია. თითოეულ კომლს 750 კუბურ მეტრს გვაძლევენ. ყველაზე დიდი დარტყმა კი მოხევეებისთვის საზღვრის ჩაკეტვა იყო. ჩვენ ჩავრჩით ჩიხში, ამიტომაც მიაწყდა ხალხი ქალაქს.“
ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი მარსაგიშვილი მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ისტორიულად, ყაზბეგს მესაზღვრის როლი ჰქონდა და მოხევეები ყოველთვის მამაცურად იცავდნენ საზღვრებს. მისივე თქმით, ყაზბეგს მიგრაცია მასშტაბურად არ შეხებია და ეს რაიონი თავის ფუნქციას ყოველთვის ასრულებდა და პრობლემებს თავისით აგვარებდა, თუმცა, დღეს ხალხს გაუჭირდა.
„როდესაც პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ჩამობრძანდა, ითქვა, საკადასტრო მეურნეობა უნდა მოვშალოთო,“ ამბობს მარსაგიშვილი - „მოხევეებმა ხმა არ ამოიღეს. იფიქრეს, რომ რაიმე ალტერნატიულს შესთავაზებდნენ. სათბურები რომ გააუქმეს, კვადრატულ მეტრზე მისცეს 35 ლარი. აქაურები თავის გატანაზე არიან გადასულები. სულ 7-8 ფერმერია, რაც რაიონის ყოფა-ცხოვრებისა და ეკონომიკის სახეს ვერ გვაძლევს. მე ვამბობდი, რომ ჯერ ბაზა უნდა შექმნილიყო, რათა ხევი უმტკივნეულოდ გადასულიყო ამ პროცესზე, თორემ ეს მიგრაციას გამოიწვევდა. ამით საზღვარიც სუსტდება. მოხევე ლტოლვილი არასდროს გახდება და აქ ჩაწვება ყველა.”
როგორც გოდერძი მარსაგიშვილი ამბობს, ახალგაზრდობის მიგრაციის შეჩერებას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს. ამას სხვა ფაქტორი განაპირობებს. ”აქ უნდა იყოს წარმოება. ამას კი მთავრობის კეთილი ნება სჭირდება. როგორც დასავლეთის ყველა ცივილიზებულ ქვეყნებშია, აქაც შეღავათები უნდა იყოს საგადასახადო სისტემაში, რომ ხალხი არ მოწყდეს მთას. ტურიზმი თუ განვითარდება, განვითარდება ინფრასტრუქტურაც,” - აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატი.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარების მოწესრიგების მიზნით საქართველოს კანონით განისაზღვრა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის სახელმწიფო სუბსიდირება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. ლიმიტს ზემოთ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის პირობებში ყაზბეგის რაიონში არსებული სათბურების ფუნქციონირება არარენტაბელური გახდა და დღის წესრიგში დადგა მათი დემონტაჟის საკითხი. საქართველოს მთავრობის # 385 განკარგულების მიხედვით, ყაზბეგის რაიონში სასათბურე მეურნეობების მესაკუთრეთათვის ფინანსური კომპენსაციის გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობას გამოეყო 5 124 373 ლარი. სასათბურე მეურნეობის დემონტაჟის შემდეგ თითოეულ მესაკუთრეს გაეწია ფინანსური დახმარება კუთვნილი ფართობის შესაბამისად, რაც შეადგენდა კომპენსაციას ერთ კვადრატულ მეტრ სათბურზე 35 ლარის ოდენობით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, ბატონ მიხეილ კვესაძის განცხადებით, 2005 წელში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სერიოზული ხარჯი მიდიოდა სათბურების ბუნებრივი აირით მომარაგებაზე: ”ფაქტიურად სახელმწიფო ხარჯზე გაიჩინეს შემოსავალი, ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური კი მილიონებს უდრიდა წლიურად. განკუთვნილი ოჯახები იღებდნენ სარგებელს ბუნებრივი აირის ხარჯზე, ამიტომ ხელისუფლებამ იმსჯელა და საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ სათბურების დემონტაჟი მოეხდინა. სახელმწიფომ მოსახლეობას ალტერნატიული შესთავაზა ის, რომ კვადრატულ მეტრზე 35 ლარი მისცა.”
მართალია, ზამთრის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი აირი უფასოდ არავის ეძლევა, მაგრამ მხოლოდ ამ სუბსიდიებით ცხოვრება ხევში წარმოუდგენელია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment